ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ევრაზიის უსაფრთხოების შესახებ მინსკის II საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო BELTA ავრცელებს.

„მათ სურთ გამჭვირვალობა თავიანთ ქვეყანაში: როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში. შესაბამისი გადაწყვეტილება კანონიერმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე მიიღო. უფრო მეტიც, ერთი ერთში გაიმეორეს ის, რაც ამერიკაშია და ეს კიდევ უფრო რბილადაც კი გააკეთეს. წინასწარ გაიარეს კონსულტაცია. მაგრამ ბიძია ჯომ ან კიდევ ვინმემ ევროკავშირში გაიღვიძეს და ისე ვერ იფიქრეს, ისე ვერ შეხედეს. ისინი ანადგურებენ ქვეყანას“, - ამბობს ლუკაშენკო.

მისი თქმით, რუსეთს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ, თუმცა, „რუსეთს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ამ ქვეყანაში ხდება“:

„ქართველებს თავს ახვევენ რაღაც „ლგბტ“-ობას. ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ. დიახ, არ მიიღებენ ამას ქართველები“, - განაცხადა ლუკაშენკომ.