რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე წერს.
ჩვენ რუსეთს მათ პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაყვანას ვთავაზობთ. ივნისიდან რუსეთმა საქართველოს საზღვარზე დეპორტირებული უკრაინელი მოქალაქეების, ძირითადად ყოფილი პატიმრების, რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. შედეგად, ათობით ადამიანი, რომელთაგან ბევრს სათანადო დოკუმენტაცია არ გააჩნია, სატრანზიტო ზონაში ჩარჩა“, - წერს ანდრეი სიბიგა.
მისი თქმით, უკრაინელი კონსულები მათთვის შესაბამისი საბუთების მისაწოდებლად და მოლდოვის გავლით უკრაინაში გადასაყვანად მუშაობენ.
„აღნიშული მარშრუტით უკვე 43 მოქალაქეა ევაკუირებული, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმარი ანდრეი კოლომიეცი. თუმცა, საზღვარზე მძიმე პირობებში კიდევ ბევრი ადამიანი რჩება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან, რათა დანარჩენი ჩვენი ხალხი უკრაინაში გადავიყვანოთ. თუმცა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსეთი დეპორტირებული ადამიანების რაოდენობას კიდევ უფრო არ გაზრდის”, - აცხადებს ანდრეი სიბიგა.
"მინისტრმა საბიგამ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მაცნობა, რაც რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების „გამოყრას“ უკავშირდება," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
„მინისტრმა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მაცნობა, რაც უკრაინული და ქართული მხარეების წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რუსეთის ტერიტორიიდან დოკუმენტაციის გარეშე უკრაინის მოქალაქეების ფაქტობრივ „გამოყრას“ უკავშირდება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად უკრაინელი დიპლომატები მუშაობენ.
„კერძოდ, ესენი არიან უკრაინელები, რომლებიც რუსებმა გაათავისუფლეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ციხეებიდან და კოლონიებიდან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.