Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2024 წლის 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში Facebook-სა და Instagram პლატფორმებზე სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ რეკლამებისთვის ყველაზე მეტი თანხა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, მამუკა ხაზარაძის და ირაკლი კობახიძის ოფიციალურმა გვერდებმა და ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუქგვერდმა დახარჯეს.

ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების (ISFED) კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც Meta-ს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებს ეყრდნობა.

ISFED-ის მიერ შედგენილი Meta პლატფორმების რეიტინგი, რომელთაც პოლიტიკურ-სოციაური რეკლამებისთვის ყველაზე მეტი ფული დახარჯეს, ასეთია:

კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდზე 50 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პოლიტიკური რეკლამა განთავსდა. აღნიშნულ გვერდზე რეკლამების მნიშვნელოვანი ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დაეთმო. პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარტიის ოფიციალურ გვერდზე აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია, ერთი მხრივ, კანონის საჭიროებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასავლელი დონორების წინააღმდეგ. მოცემული გზავნილების შესახებ თითოეული ვიდეოს რეკლამაში 300-დან 400 აშშ დოლარამდე დაიხარჯა.

„ქართული ოცნების“  ოფიციალურ გვერდზე ასევე განთავსდა პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ „კრისტის“ აუქციონზე შეძენილი იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის შესახებ რეკლამებიც. აღსანიშნავია, რომ ამ თემას მიეძღვნა არაერთი რეკლამა სხვა გვერდებზეც. დასპონსორებულ პოსტებში ივანიშვილი დიდ მეცენატად მოიხსენიებოდა და/ან ხაზი ესმებოდა მის დამსახურებას ქვეყნისა და ერის წინაშე. 

რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობით მეორე ადგილი დაიკავა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, ოფიციალურმა გვერდმა, რომელზეც საანგარიშო პერიოდში 27 200 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. 

სარეკლამო დანახარჯების მიხედვით, მესამე ადგილზე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ოფიციალური გვერდი, რომლის რეკლამებისთვისაც აპრილი-ივნისის პერიოდში 27 ათას აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

21 447 აშშ დოლარის სარეკლამო დანახარჯით რიგით მეოთხე იყო ტელეკომპანია „იმედის“ Facebook-გვერდი - TV Imedi. საანგარიშო პერიოდში გვერდი ყველაზე ხშირად მმართველი პარტიის ლიდერების ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს არეკლამებდა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან იყო დაკავშირებული. რეკლამების დიდ ნაწილში წარმოჩენილი იყო, რომ კანონპროექტი სულაც არ იყო რუსული და ის საქართველოს ევროპული გზისგან არ აშორებდა.