ევროპის საბჭოს ინფორმაციით, გენერალური მდივანი ალან ბერსე "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობის პოზიციის შეცვლით შეშფოთებულია.

საბჭომ ვებგვერდზე 7 თებერვალს გაავრცელა პრესრელიზი, რომლიდანაც ირკვევა, რომ 3 თებერვალს, ალან ბერსე ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძეს, რათა განეხილა "უცხოური გავლენის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საკითხი. კობახიძემ კი უთხრა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“, მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში ან შეცვალოს „უცხოური გავლენის“ კანონი, როგორც ეს ადრე იყო განხილული. თუმცა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება, გააგრძელოს მუშაობა ევროპის საბჭოსთან მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში.

თავის მხრივ, ალან ბერსე შეწუხებულია ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებით. ის ასევე შეშფოთებულია საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე მისი პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის გამოც. ბერსე ამბობს, რომ ახლა ამოცანაა შეფასდეს საქართველოს მთავრობის კურსის შეცვლით შექმნილი ახალი ვითარება და მისი გავლენა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს განმარტებით, სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ორმხრივი შეთანხმებით, გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს 2024 წლის 20 დეკემბერს. 20 იანვარს სამდივნომ გაგზავნა წერილი სამუშაო ჯგუფის შექმნის თხოვნით. ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.