რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, შემდეგ თვეში ბრაზილიაში დაგეგმილ დიდი ოცეულის (G20) სამიტზე არ წავა და ღონისძიებას მის მაგივრად რუსეთის სხვა წარმომადგენელი დაესწრება. პუტინის თანახმად, მისი დასწრება ფორუმის ჩვეულ მუშაობას ხელს შეუშლიდა.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) 2023 წელს პუტინის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამო მისი დაკავების ორდერი გასცა

"საოცარი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ლულასთან, მაგრამ რატომ წავიდოდი იქ შეგნებულად, რათა ამ ფორუმის ნორმალური მუშაობა შემეფერხებინა?" - თქვა პუტინმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

პუტინის თქმით, სურვილის ქონის შემთხვევაში, შეეძლო ბრაზილიასთან ერთად ორმხრივი შეთანხმება გაეფორმებინა, რომლითაც ICC-ის დაკავების ორდერს თავს აარიდებდნენ.

"ძალიან მარტივია, ამნაირ გადაწყვეტილებებს თავი აარიდო, საკმარისია, რომ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებას ხელი მოაწერო და ესაა - ICС-ის იურისდიქცია შეიზღუდება". - თქვა პუტინმა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი არ ესწრებოდა 2022 წელს ინდონეზიაში და 2023 წელს ინდოეთში გამართულ G20-ის სამიტებს, რომლებსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დაესწრო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის მიუხედავად, 2023 წლის სექტემბერში ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ თქვა, რომ პუტინს 2024 წლის სამიტზე მიიწვევდა და უსაფრთხოების გარანტიებსაც მისცემდა, თუმცა, ამავე წლის დეკემბერში ლულამ პოზიცია შეიცვალა და აღნიშნა, რომ პუტინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად მზად არ იყო.

წყარო: ტაბულა