საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ უნდა შედგეს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც  „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებას შეეხებოდა, თითქოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება.

მისივე თქმით, პრეზიდენტის აქტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას და თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს მას აქვს პრობლემა კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად.

„პრეზიდენტის აქტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას. ვინც ერკვევა ელემენტარულ იურისპუდენციაში, რა თქმა უნდა, დაადასტურებს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაფარავს პრეზიდენტის აქტს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს მას აქვს პრობლემა ან კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად,“- განაცხადა პრემიერმა.