ირაკლი კობახიძემ არჩევანი გააკეთა. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ზოგადად, მუნიციპალურ არჩევნებს დაბალი აქტივობა ახასიათებს, მაგრამ მიაჩნია, რომ მიუხედავად ოპოზიციის გარკვეული ნაწილის ბოიკოტისა, აქტივობა მაღალია.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 60%-ზე მეტ ხმას მიიღებს.

როგორც მან აღნიშნა, ხმა მისცა იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება.

„ყველასთვის ცხადია, რასაც და ვისაც მივეცი ხმა. ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. ხმა მივეცი ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის. ხმა მივეცი ძალიან ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს ვაკის რაიონში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის განმარტებით, მათი მოლოდინია, რომ არჩევნებში ხმათა 60%-ზე მეტს მიიღებენ და ყველა საკრებულოში ექნებათ ძალიან მყარი უმრავლესობა.

„რაც შეეხება მოლოდინს საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, ჩვენი კვლევების თანახმად, 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს და როგორც თბილისში, ისე ქვეყნის მასშტაბით, ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი და რაც იყო დაპირება, 64/ 64-ზე - 64 მერი და 64 საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას დაახლოებით მილიონი ადამიანი მისცემს ხმას, ოპოზიცია კი სრული მობილიზების პირობებშიც რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაზე ძალიან სუსტად იქნება წარმოდგენილი.

"როცა ჩვენი რეიტინგი არის 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობასა და რევოლუციის მოწყობაზე? - ვინმეს არ წაუცდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი ამ კანონზე. ეს არის ჩემი ერთადერთი გაფრთხილება!" - თქვა საარჩევნო უბანთან მისულმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.