საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განისაზღვრება.

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ვინ იქნება კანდიდატი, ეს ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„პრეზიდენტს ხმოსანთა ერთობა აირჩევს. ვინ იქნება კანდიდატი, ეს ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება კითხვას, როგორ უნდა გაგვიმართლოს პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუციას და საქართველოს უნდა გაუმართლოს. ამ პერიოდში გარკვეული აცდენა იყო პრეზიდენტის მოვალეობასა და მის ქმედებებს შორის. ბევრ საკითხში მას სიმბოლური, წარმომადგენლობითი უფლებები გააჩნია. პოლიტიკური ამბიცია და რეალური მმართველობითი ბერკეტების აცდენა ხშირ შემთხვევაში აცდენებს იწვევდა. ახალი პრეზიდენტი მისი სტატუსის შესაბამისად იქნება არჩეული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი კონსტიტუციით არის განსაზღვრული. პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა. პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს აქვს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები (109 წევრი) 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება, არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.

1tv.ge