„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო.

მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ოპოზიციას აძლევენ ერთ დღეს, რათა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე ხვალ გაიმართება კენჭისყრა და ოპოზიცია ვერ გაექცევა საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას.

„კი ბატონო, ასე წავიდეთ. ჩვენ ხვალ ორი კენჭისყრა გვექნება. ასე რომ, ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, ნამდვილად არ დავტოვებთ ისე, რომ გაექცნენ ამ პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე. ბოლოს და ბოლოს, დაინახოს მათმა ამომრჩეველმა, ვის მხარეს დგანან – საქართველოს, თუ იმ ჯგუფების მხარეს, რომლის, როგორ ჩანს, იმედიც აქვთ და მათი ზურგით უნდათ, მოხვდნენ ხელისუფლებაში. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ქართველი ხალხი წყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და თუ მათ უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა, უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს და არცერთ სხვა ხალხებს, თუ პოლიტიკურ ჯგუფებს და ქვეყნებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.