ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოკავშირეები პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობენ. მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის ნატო-მ სპეციალური სტრუქტურები შექმნა. თუმცა, ნატო-ს გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.
„ევროატლანტიკურ რეგიონში მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლობენ 16 პარტნიორ ქვეყანასთან როგორც ორმხრივად, ასევე ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა და „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის მეშვეობით. აღნიშნულ პარტნიორებს შორის, ნატო-მ უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის სპეციალური სტრუქტურები შექმნა.”- წერს ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე 2024 წლის ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიაში ალიანსი ჩართულობას თბილისში მდებარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით აგრძელებს. - ,,ნატო-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა გაგრძელდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას.” - აღნიშნულია ანგარიშში.
ნატო-ს გენერალური მდივნის 2023 წლის ყოველწლიურ ანგარიშში ამ ჩანაწერს ვკითხულობთ, - ,,ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია და ალიანსი მომავალი წევრობის გზაზე უკრაინას მხარს დაუჭერს. ვილნიუსის სამიტის დეკლარაციამ დაადასტურა, რომ მოკავშირეები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ კვლავ ერთგულნი რჩებიან.’’