მთავრობის განკარგულებები კვლავ საჯარო იქნება. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის, უკვე მე-4 წელია, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, საჯაროდ მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო განკარგულებები საიტზე 2020 წელს არის გამოქვეყნებული. ამის გამო მთავრობის ადმინისტრაცია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, განკარგულებები ყველასთვის საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება.

ამას წინ უსწრებდა ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება მთავრობის სხდომაზე, "ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან“.