"მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის," - საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ირაკლი კობახიძის წერილი გამოქვეყნდა.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მინისტრის პოზიციაზე გიორგი ამილახვრის საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა და მისი თანამდებობიოდან წასვლა სერიოზული დანაკლისია მთავრობისთვის. 

"გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა," - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

ცნობისთვის, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა.

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი 2023 წლის მარტში შეცვალა. ის თანამდებობაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამილახვარი დაკავებულ პოსტს 1.5 წლის განმავლობაში იკავებდა.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გიორგი ამილახვარი:

• 2018 – 2019 წლებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა;
• 2010 – 2020 წლებში თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი იყო, ასოცირებული პროფესორი სამართალში;
• 2008 – 2010 წლებში ლიეტვურ საინვესტიციო კომპანიაში შპს „სავერუსის“ საქართველოს ფილიალის „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი იყო;
• 2007 – 2008 წლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე იყო.

ცნობისთვის: გიორგი ამილახვარმა 2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა; 2016 წელს კი კვლევითი სტაჟირება გერმანიაში მაქს-პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის კვლევით ინსტიტუტში გაიარა.