საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.
როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.
„თუმცა რჩება რაღაც ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე და მინდა, რადგან ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და მივიჩნევ, რომ ეს ქარტია არის პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე, ყველაფერი იყო ნათელი. არ გვაქვს უფლება რომ დავტოვოთ გაურკვეველი საკითხები ან სპეკულაციების საკითხები. ინტერპრეტაციები ეხება ამ ქარტიის ბოლო წინადადებას, რომელიც ამბობს, რომ ასევე ვდებთ პირობას რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
ვაპირებ, წარვადგინო საქართველოს ტექნიკური მთავრობა, რომელიც ასევე საზოგადოებას 26 მაისს წარვუდგინე, რადგან საზოგადოების დაკვეთა არ არის ის, რომ პოლიტიკოსებმა ისევე მანდატები გადაინაწილონ და მთავრობა შექმნან ამ ეტაპზე, ამ გარდამავალ ეტაპზე და შევქმნა ეს ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ აღმასრულებელი მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ რაღაც თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან. ეს, არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო. ვთვლი, რადგანაც ჩემი წარსადგენია, უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს სწორედ ამ მთავრობას პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ცხადია, პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ ქარტიის გზაზე. ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია და არა მხოლოდ ინტერპრეტაცია, მგონი და შეგიძლიათ დაუბრუნდეთ 26 მაისის სიტყვას ძალიან გაშლილად, სანამ პარტიებს მოვიყვანდი ხელმოსაწერად. ამიტომ, ვთვლი, რომ არ შეიძლება ეს ბოლომდე გაურკვეველი დარჩეს. დღეს არის რაღაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები და მგონი, რომ დრო არის პარტიებმა გადაწყვეტილება მიიღონ, რამდენად არიან ამ ქარტიის ბოლომდე არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგული, არამედ, მისი ყოველივე სიტყვის იმიტომ, რომ ეს არის ისეთი დოკუმენტი, სადაც არ შეიძლება მერე რაღაც გაუგებრობა იყოს.
ამ ქვეყნის სტაბილურობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ - იმ დროს, როდესაც ამ ოთხ პარტიას შორის არის წარსული, ჯერ არ არის შექმნილი, რაც მე დარწმუნებული ვარ პარლამენტში შედგება, ანუ ის ურთიერთნდობა, მანამდე საჭიროა, რომ ძალიან გარკვეული იყოს, ამ ქარტიის უკან ვინ დგას ბოლომდე ერთგული. ამიტომ, ველოდები, რომ პარტიებმა დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება შეუძლიათ, ხელმოწერა უკან წაიღონ. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე, თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან. მე დარწმუნებული ვარ, ამით სტაბილურად, ძალიან გარკვევით მივალთ და გადავლახავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მომავალ წელს, ივნისში მიიყვანს ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნამდე, რომელიც, მე ვთვლი, რომ არის ჩემი პასუხისმგებლობა და რომელზეც მერე, ჩემი პასუხისმგებლობა უკვე მოხსნილი იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ელოდება, პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ყველაფერს ეთანხმებიან. სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინც არ ეთანხმება, შეუძლია წაიღოს უკან ხელმოწერა. მისი აზრით, საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე თანმიმდევრულად ამ ქარტიის უკან.
პრეზიდენტის თქმით, ოთხმა პარტიამ, რომლებთანაც მას ჰქონდა შეხვედრები დაადასტურეს, რომ ქარტიის ერთგულები არიან.
„14 დღე რჩება არჩევნებამდე და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ, რომ რეალურად მე რა პირობაც დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია, რომ შესრულებულია. ეს ქარტია შედგა, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მომავალი იყოს და გარანტია მივცეთ დამოუკიდებლობას, საქართველოს წინსვლას. მე მინდოდა შეხვედრები, ეს არ იყო არც კონსულტაციები და არც მოლაპარაკებები, მინდოდა იმ 4 პარტიასთან ერთად, რომლებიც არიან შემადგენელი პროევროპული პლატფორმის, გამევლო ამ ქარტიის ყველა პუნქტი და მიმეღო დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია იქნება სრულად შესრულებული, იმიტომ, რომ მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება, ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან.
მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მხრივ საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე და ვარ ჩემი სიტყვის ერთგული. ეს გავიარე ყველა პარტიასთან და ყველასგან მივიღე დასტური, რომ არიან ამ პროცესში, რომ არიან ერთგულნი ამ ქარტიის და მზად არიან იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანონ პროცესი და ამით მე ვარ ძალიან კმაყოფილი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.