გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არაუგვიანეს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს.
ამასთან, მან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ თავიან ოჯახებს დაუბრუნდნენ და გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.
„მინდა შევეხო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდო ქრონოლოგიურად, თანმიმდევრულად ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ბოლო დღეები ვხედავთ პროცესს სამინისტროსთან, რომელიც ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა და ამის საჭიროება არ არსებობს. ეტაპობრივად მოგახსენებთ ამის თაობაზე, რატომ ვფიქრობთ ასე. თავდაპირველად, დავიწყებ, ლიცენზიის პროცედურით, არსებობს კითხვა, თითქოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უკანონოდ გასცა ეს ლიცენზია.
მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის მარტში საჯარო აუქციონის წესით იქნა გაცემული ლიცენზია, რომელშიც კონკრეტულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ამ პროცესს თან სდევდა გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები და აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე და სხვა საშუალებებით ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. პროცესი საჯარო იყო და იმ კანონმდებლობის შესაბამისი, რომელიც ამ ქვეყანაში ამ საკითხს არეგულირებს“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მისივე განმარტებით, ლიცენზიის გაუქმებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს.
„ძალიან მალე, უმოკლეს დროში, ვფიქრობ, იქნება მიღებული გადაწყვეტილება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ამ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და ვფიქრობ, არსებობს ყველა წინაპირობა იმის, რომ ლიცენზია ძალადაკარგულად გამოცხადდეს. თუმცა ეს არის ადმინისტრაციული წარმოება, რომელსაც სააგენტო ახორციელებს და მას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს ინფორმაცია, ვინც ახლა სამინისტროსთან აპროტესტებს, სრულად აქვთ მიწოდებული. პროტესტი, როგორც ვიცი თვე-ნახევრის წინ დაიწყო და ამაზე საუბარი ჩვენ მაისში დავიწყეთ, რომ ვალდებულებები არ სრულდება, რომ ჩვენ აქ დაცული ტერიტორიის შექმნაზე ვიფიქროთ“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, ის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ „სიცრუეა, თითქოს, ტყე გაიყიდა. არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის“.
„მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ვინც დღეს პროტესტის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ, დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლებრივი პროცესია და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან სწრაფად, არაუგვიანეს თვის ბოლოსი“,- განაცხადა მინისტრმა.