მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან. თუ სხვანაირად მოხდება, გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი ინტერესები შეიცვლება, მაშინვე შეიცვლება საქართველოს მიმართ მიდგომები და მაშინვე გაიხსნება მოლაპარაკებებიც.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე ის 20-მდე პოლიტიკურ ლიდერს შეხვდა და გაესაუბრა.

„მქონდა იმის საშუალება, რომ [ევროპის პოლიტიკური გაერთიანებების მეოთხე სამიტზე] 20-მდე პოლიტიკურ ლიდერს გავსაუბრებოდი, საკმაოდ ხანგრძლივად, ამ სამიტის ფარგლებში. როცა საუბარია მაია სანდუს შეხვედრაზე, ეს შეხვედრები გაიმართა ე.წ. ბუფეტში, სადაც სხდებოდნენ პოლიტიკოსები და საუბრობდნენ. მე „ბუფეტშიც“ მქონდა შეხვედრა, გარეთაც და შიგნითაც. ყველგან მქონდა ეს შეხვედრები. შემიძლია ჩამოვთვალო ის პირები, ვისაც შევხვდი, მათ შორის, ჯოზეფ ბორელი, მასთან მქონდა საინტერესო საუბარი. მოვისმინე საინტერესო მესიჯები, რომელსაც ვერ გავახმოვანებ, იმიტომ, რომ კონფიდენციალურობა უნდა დავიცვა. იყო არაერთი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელთანაც მქონდა გასაუბრების საშუალება. გვერდით მეჯდა პრეზიდენტი მაკრონი, რომელთანაც მქონდა საუბრის საშუალება და გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. ვნახე საერთო სურათი, რომელიც მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და იმის თქმის საფუძველს, რომ ეს გაუგებრობები იყო, არის დროებითი და როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე დასრულდება ეს გაუგებრობებიც. ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მათ შორის, ის განწყობა, რომელიც დავინახე ამ სამიტზე ევროპელი ლიდერების მხრიდან.

რაც შეეხება იმას, გაიხსნება თუ არა ოქტომბერში მოლაპარაკებები, ეს არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან. თუ სხვანაირად მოხდება გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება. ხედავთ, როგორი უსამართლობაა, დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვა, ნული პოლიტიკური და მედია პლურალიზმით, დემოკრატიის, კორუფციის კუთხით სერიოზული პრობლემებით, აქვს მოლაპარაკებები გახსნილი და ჩვენ არა, ეს არის სრული უსამართლობა. ერთადერთი ახსნა და მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამ უსამართლობას, ეს არის განსხვავებული ინტერესები. როგორც კი ინტერესები შეიცვლება, მაშინვე შეიცვლება საქართველოს მიმართ მიდგომები და მაშინვე გაიხსნება მოლაპარაკებებიც“, - განაცხადა კობახიძემ.

ipn.ge