„შეუძლებელია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო ფეხბურთით, დღევანდელი დღეები ეძღვნება თავიდან ბოლომდე ფეხბურთს, ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, რომელიც არის არა მხოლოდ ფეხბურთის წარმატება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მიღწეული წარმატება მიულოცა მთელს საქართველოს და ფეხბურთელებს და ფეხბურთის ფედერაციას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„მინდა მივულოცო ყველას, მივულოცო სრულიად საქართველოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრებს. თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. შეუძლებელია, გამოყო რომელიმე მათგანი. თითოეულმა მათგანმა სული და გული ჩადო იმისათვის, რომ ჩვენ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. მადლობა მათ იმისთვის, რომ ეს ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული გვაჩუქეს და განგვაცდევინეს ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა. მადლობა მათ ამისთვის. მადლობა ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, ჩვენ სუბიექტური ვართ მის მიმართ, ჩვენი გუნდის წევრია, თუმცა მგონი ამ შემთხვევაში ეს მილოცვა და მადლობა სუბიექტურობას მოკლებულია. ფედერაციის როლი ამ გამარჯვებაში იყო ასევე განსაკუთრებული. მას შემდეგ, რაც შეიცვალა ფედერაციაში ხელმძღვანელობა წლების წინ.

რადიკალურად შეიცვალა მიდგომები ქართული ფეხბურთის მიმართ, შესაბამისად ფედერაციას ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. ლევან კობიაშვილი არის ადამიანი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, მიდგომა ქვეყნის მიმართ და კონკრეტულად ქართული ფეხბურთის მიმართ. სწორედ ამის გამოვლინებაა ის თანმიმდევრული პროგრესი, რომელიც ფეხბურთმა განიცადა გასული წლების განმავლობაში და ამის კულმინაციაა ეს დღეები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ და რომელმაც ძალიან დიდი ბედნიერება მოგვანიჭა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძე ასევე მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს ფეხბურთელების წახალისებისთვის.

„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება და მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ შემთხვევაშიც გამოავლინა განსაკუთრებული ქველმოქმედება, ესეც ქველმოქმედების ერთგვარი გამოვლინებაა. მადლობა მას იმ წახალისებისთვის, რომელიც გამოამჟღავნა მან საფეხბურთო ნაკრების მიმართ და რა თქმა უნდა, ესეც ზრდის ჩვენს შანსებს, მათ შორის, ესპანეთთან თამაშში, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.