რამდენიმე საათის წინ დაიწყო ერთბაშად რამდენიმე კანდიდატის მიერ ზუსტად ერთი და იგივე ტექსტის გავრცელება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სუს-ი ცდილობს, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება დაადანაშაულოს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან რაიმე სახის კავშირში - ეს არის აბსურდი, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების არჩევნების გზით დამარცხება არის ყველაზე რეალისტური გზა და „ლელო“ სწორედ ამიტომ აგრძელებს პოლიტიკური გზით ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ.

„მინდა მივმართო პირადად ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და სუს-ს: დღეს, როცა ისედაც სრულიად მოქცეული ხართ საერთაშორისო იზოლაციაში, როცა არ გაქვთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მე გირჩევდით, რომ საკუთარი თავი აბუჩად არ აიგდოთ ამ ბრალდებების შეკერვის მცდელობით, რადგან ეს ყველაფერი ყველასთვის ძალიან ნათელია. „ლელომ“ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად არჩევნების გზით. დღეს საარჩევნო გარემო ძალიან შორს არის სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოსგან და მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში მთელი რიგი ოპოზიციური პარტიები არ მონაწილეობენ, ვხედავთ რა ძალისხმევა სჭირდება ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ხმების მობილიზაციისთვის და შექმნისთვის. იმ ხმების, რომელიც მის პოლიტიკურ გაერთიანებას დიდი ხანია ამ ქვეყანაში აღარ აქვს. ამიტომ, ხელისუფლების სწორედ არჩევნების გზით დამარცხება არის ყველაზე რეალისტური გზა და „ლელო“ სწორედ ამიტომ აგრძელებს პოლიტიკური გზით ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ამ საქმეს გამარჯვებამდე აუცილებლად მივიყვანთ - მათ შორის, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უზრუნველყოფის გზით.

მანამდე ყველას მოვუწოდებთ, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან მძიმე რეაგირება იქნება ყველა მცდელობაზე ჩვენი პარტიის წინააღმდეგ აამუშაოს რაიმე სახის პროპაგანდა და შემდეგი რეპრესიული ზომები.

მინდა ყველა ამომრჩეველს მივმართო: ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე საათი, ნუ მისცემთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობას, წაგართვათ მთავარი კონსტიტუციური უფლება. ის უფლება, რომელსაც საკუთარი ხელისუფლების არჩევნების გზით ფორმირება ჰქვია. ვისაც შეგიძლიათ, მიბრძანდით საარჩევნო ყუთებთან და პასუხი გაეცით ივანიშვილის უკანონობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლებას აქტიური ქართველი ამომრჩევლის ძალიან ეშინიათ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.