კოალიცია „ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებს, - ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა გამართულ ბრიფინგებზე განაცხადეს.

„არჩევნები არის მოპარული. ხელისუფლების უზურპაცია მოხდა ქვეყანაში. ეს არის „ქართული ოცნება“ არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე აგებს პასუხს, აუცილებლად, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, მათ მოუწევთ ოპოზიციის გამარჯვების აღიარება“, - განაცხადა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კი თქვა, რომ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ მიიღებენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომც ცესკომ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ქართველ ხალხს მოჰპარა არჩევნები და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი.

„ერთიანობა - ნაცმოძრაობის მოძრაობის“ სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ. ჩვენ ამ შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.