"თუკი ვინმე დღემდე ფიქრობდა ხელისუფლების ცვლილებაზე, არჩევების თუ დამხობის ფორმით, ყველას მინდა შევახსენო რომ მომდევნო 3 წელი ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, შემდეგ ტარდება არჩევნები, აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, შეეგუონ ამ კონკრეტულ მოცემულობას, ქართული ოცნება კიდევ ბევრი წლის განმავლობაში აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის მართვაზე," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს, აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ალბათ, სასურველი იქნება, პრაგმატული თვალსაზრისითაც, ყველასთვის, რომ გადატვირთონ ურთიერთობები ქართველ ხალხთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და მის მმართველ ძალასთან, ქართულ ოცნებასთან.
"ბევრს შეიძლება გაუჭრიდეს ამის გაკეთება - როდესაც ერეოდი არჩევნებში, ღიად მხარს უჭერდი დამხობის მცდელობას, მერე უცბად რთულია გადაწყობა ახალ რეალობაზე, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული კონცეფცია საერთაშორისო პოლიტიკისთვის, ეს არის ცალმხრივი მეგობრობის კონცეფცია. მზად ვართ, დავივიწყოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ელჩი შარშან უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში და მოუწოდებდა ამომრჩეველს, მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, შეგვიძლია, დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ოფიციალური პრესსპიკერი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და მხარი დაუჭირა დამხობის აქციას.
მზად ვართ ყველაფერი დავივიწყოთ და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, განვაახლოთ უერთიერთობები, ეს არის ჩვენი გაწვდილი ხელი," - თქვა ირაკლი კობახიძემ.