სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს.

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი ესტონეთი ლიეტუვა და ლატვია ავრცელებს, ნათქვამია, საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, შემდგომ კი, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ ტრაექტორია შეცვალა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროკავშირის კანონპროექტისა და ქართული კანონპროექტის მსგავსებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დამაბნეველია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას“, — ვკითხულობთ წერილში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, წინაპირობების შესრულება კი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა:

„საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომ 9 ნაბიჯი შესრულდებოდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ პროგრესს ვერ მიაღწია.

ჩვენ გვაქვს ძლიერი სურვილი, ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, როგორც ეს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარას გამოიყენებს, რაც წარმოქმნა  გაძლიერებულმა ევროკავშირის გაფართოების პროცესმა და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების კურსს“, — ვკითხულობთ 8 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.