ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც მოითხოვს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესებას.

ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გააფართოვეს იმ ადამიანების სია, რომლებისთვისაც ევროპული სანქციების დაწესებას ითხოვენ.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ კი ხმა მისცა 63-მა. 81-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“.

ევროპარლამენტარების თანახმად, ამ კატეგორიებში შემავალი ადამიანების სია ასე გამოიყურება, თუმცა არასრულია:

  • ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები - მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები - უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი; დისშვილი - შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი;
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა;
  • ბიზნესმენები - ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე (ზედმეტსახელად „რიჟა);
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;
  • ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ილია წულაია;
  • კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ბიზნესმენი კახა ბექაური;
  • პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ლაშა ნაცვლიშვილი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე; გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი;
  • მოსამართლეები - მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი;
  • ტელეკომპანია „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი ირაკლი რუხაძე;
  • საქართველოს ავიახაზების, „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი თამაზ გაიაშვილი;
  • ბიზნესმენები და პოლიტიკოსები - ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე.

ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ მიღებული წინა რეზოლუციის მსგავსად, ახლაც ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და ირაკლი ღარიბაშვილის სანქცირებას.

ვრცლად: www.radiotavisupleba.ge