თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად. ბაჩიაშვილმა TV პირველთან საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ივანიშვილი პირდაპირ აგრძელებს გამოძალვას. ეს არის გამოძალვა, როდესაც სისხლის სამართლის პასუხისგების მუქარის ქვეშ ადამიანს სთხოვ დიდი ოდენობით თანხის გადახდას. ეს იყო 5 000 ბიტკოინის მოთხოვნა წინა შემოდგომას და ე.წ. კრიმინალური "სოჩიკი", რომ ყოველ თვეში ეს თანხა 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი და არც დავთანხმდებოდი, არცერთ შემთხვევაში. [...] მისმა წარმომადგენელემა გამოუგზავნა ჩემს ადვოკატს ეს შეთავაზება" - ამბობს ბაჩიაშვილი.

2023 წლის 6 ივლისს სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს  ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისების საქმეზე 2 500 000 ლარის გირაო შეუფარდა.

მოსამართლის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

აღნიშნულ საქმეზე მედიასთან კომენტარი გააკეთა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.

"ადამიანს ედავებიან, რომ მან მიითვისა თანხა 2015 წელს, 8 წლის წინ. რეალურად, საქმეში წარმოდგენილია საბანკო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც, უტყუარად, წერილობით დადასტურებულია, რომ ბაჩიაშვილის კომპანიამ მიიღო სესხი 5 მილიონი, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაიხადა, როგორც ეს სესხად აღებული 5 მილიონი, ასევე პროცენტი ასობით ათასი ლარი. ეს არის მტკიცებულებები, თუმცა, დაცვის მხარეს დღეს გვიწევს იმის მტკიცება, რომ რეალურად მას პარტნიორი აღარ ჰყოლია" – ამბობს ბაჩიაშვილის ადვოკატი.

გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.