კაია კალასმა განაცხადა, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა წავიდა სანქციების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, გუშინ გაკეთებული განცხადება სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა.
„ამ თემას მოჰყვა სპეკულაციები. მე გუშინ გავაკეთე განცხადება, 5 ქვეყანას გადავუხადე მადლობა ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის და გუშინ აქედან სამი ქვეყანა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ მათ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა აზრადაც არ გაუვლიათ. სინამდვილეში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ქალბატონი კაია კალასის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი, მე არ მიხსენებია სამწუხაროდ ლუქსემბურგი დალუქსემბურგსაც ეკუთვნის როგორც ჩანს მადლობა, თუ არ უარყოფენ საკუთარ ამ პოზიციას. მადლობა ეკუთვნით ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის. კაია კალასმა განაცხადა, რომ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც წავიდა სანქციების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ რა ინფორმაცია გვქონდა - მაგალითად, რომ ავიღოთ რუმინეთი, არის რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან ხშირად ეყრდნობა ხოლმე ქართული მედია, ეს არის ბატონი ჯოზვიაკი, რომელმაც დაადასტურა, რომ რუმინეთი იყო ერთ-ერთი, ვინც წავიდა სანქციების წინააღმდეგ, თუმცა, მერე ვნახეთ, რომ რუმინეთი აიძულეს, რომ საწინააღმდეგო პოზიცია დაეფიქსირებინა. ეს არავის უკვირს, თქვენ ნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი რუმინეთში შეაცვლევინეს გადაწყვეტილება ერთ დღეში. გამოვიდა ბატონი მეთიუ მილერი, რომელმაც პრაქტიკულად, მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მან განაცხადა, რომ დაისჯებოდა ყველა, ვინც დაუპირისპირდებოდა რუმინეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ეს გააკეთა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში. მეორე დღეს ადგა საკონსტიტუციო სასამართლო, აატრიალა საკუთარი გადაწყვეტილება და გააუქმა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები. თან სრულიად განუსაზღვრელი საბაბით. საუბარი იყო იმაზე, რომ „ტვიტერში“ დაფიქსირებული გარკვეული აქტივობები ქმნიდა აღქმას, რომ გარე ჩარევის ფონზე ჩატარდა რუმინეთში არჩევნები. ანუ, პირდაპირ გავრცელდა მუქარა მეთიუ მილერის მხრიდან და მეორე დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ რუმინეთში მთლიანად, რადიკალურად შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. ამ ფონზე არავის უკვირს, რომ რუმინეთს გააკეთებინეს იმის საპირისპირო განცხადება, ვიდრე იყო მათი ქმედება საქართველოსთან მიმართებით. იგივე ეხება ესპანეთს და იტალიას, საჯარო წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იტალია და ესპანეთი უპირისპირდებოდნენ სანქციების იდეას და ამას დაემთხვა ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ნახეთ, რომ ამასაც მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები. მე კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს საბჭოს სხდომაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.