უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმედგაცრუებულია შვეიცარიის გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭიროს ჩინეთისა და ბრაზილიის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ეხება.

უკრაინული მხარე გადაწყვეტილებას „გაუგებარს“ უწოდებს.

„ჩვენთვის გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილების ლოგიკა, ბოლოს და ბოლოს, შვეიცარიის კონფედერაციასთან ერთად, 15-16 ივნისს ბიურგენშტოკში მოვაწყვეთ პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტი, რომელსაც ესწრებოდა ასი ქვეყნისა და საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ჩვენი ქვეყნები აგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას ამ სამიტის საბოლოო კომუნიკეს ხელმომწერთა რაოდენობის გაზრდის მიზნით. შვეიცარია მონაწილეობს თემატურ კონფერენციებში მშვიდობის ფორმულის კონკრეტულ პუნქტებზე, რომლის მიზანია მოამზადოს საერთო სამშვიდობო ჩარჩო უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის აღდგენისთვის“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, უკრაინაში მშვიდობის შესახებ ყველა იდეას, განხილვასა და გეგმას ორი პრინციპი უნდა ჰქონდეს : არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე და ეს წინადადებები უნდა ეფუძნებოდეს გაერო-ს წესდებას და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რაც შეეხება ჩინეთისა და ბრაზილიის ინიციატივებს, უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს შვეიცარიას და ყველა ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერენ საერთაშორისო სამართალს და გაერო-ს წესდებას, არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს „სამშვიდობო ინიციატივებში“, რადგან მათ შეუძლიათ მხოლოდ გაართულონ უკრაინის სამართლიანი მშვიდობის მიღწევის პროცესი.

„იმ ინიციატივებს, რომლებიც არ აღიარებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული შეიარაღებული აგრესიის ფაქტს, აიგივებენ მსხვერპლსა და აგრესორს და გვთავაზობენ დეესკალაციას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიების ხარჯზე, ვერ ექნება უკრაინის მხარდაჭერა“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, ბრაზილიამ და ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გეგმა წარმოადგინეს, რომელიც საომარი მოქმედებების შეწყვეტას და მოლაპარაკების პროცესზე გადასვლას ითვალისწინებს, თუმცა, საუბარი არ არის უკრაინიდან საოკუპაციო ძალების გაყვანაზე, ომის დამნაშავეების დასჯასა და უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდაზე. გუშინ ცნობილი გახდა, რომ შვეიცარია ჩინეთისა და ბრაზილიის „სამშვიდობო ინიციატივას“ მხარს უჭერს.

წყარო: ინტერპრესნიუსი