სპორტსმენ ილია თოფურიას, დღეს, ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტის მიწვევის მიუხედავად, კობახიძე ამბობს, რომ ორბელიანების სასახლეში დაპატიჟებული არ არის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ამბობს, რომ დღეს, 19:00-ზე ორბელიანების სასახლეში არ მივა.

„ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი", — თქვა მან, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჯაროდ განაცხადა თოფურიას დაჯილდოებაზე პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევის შესახებ.