გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს - 2012 წლისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი ტყუილ დაპირებებსაც ვერ გასცემს და ის, რასაც ხალხს ჰპირდება, ოპოზიციის განადგურებაა! - ასე ეხმაურება საარჩევნო გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი 21 აგვისტოს, მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრას, სადაც მხარდამჭერებს “ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმაც მიმართა.

როგორც სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნები მართლაც რეფერენდუმია, იარსებებს თუ არა საქართველო. მისივე თქმით, ხალხი ხვდება, რომ “პარანოიდული რუსი ოლიგარქის ხელში ქვეყანას ძალიან მძიმე მომავალი ელის“.

„მაგალითად, “ძლიერ საქართველოს“ სჯერა, რომ საქართველოში პენსია 1 000 ლარი უნდა იყოს, შრომის ანაზღაურება უნდა იყოს ადეკვატური და ღირსეული. მიგვაჩნია, რომ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა ძალიან რეალური გეგმაა მათ შორის იმით, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზას უნდა დაუბრუნდეს, რაც ჩვენი კეთილდღეობის, მშვიდობის და განვითარების გარანტიაა.

ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი ჩაშალა, მისი პოლიტიკა ქართველი ხალხის ინტერესების ნაცვლად, რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ერთადერთი დაპირება, რაც მან ხალხს მისცა არის ის, რომ თუ ხელისუფლებაში დარჩება, შეეცდება, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს.

ვფიქრობ, გუშინ, საქართველო კიდევ უფრო მეტი მოქალაქე დარწმუნდა იმაში, რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის რუსულ რეჟიმზე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. “ქართულმა ოცნებამ“ იცის რა, რომ მხარდაჭერა აბსოლუტურად დაკარგული აქვთ, ადგილი აქვს სასოწარკვეთილ მცდელობას, მოატყუონ ხალხი საკონსტიტუციო უმრავლესობის დაპირებით. რეალურად, მათ მომავალ პარლამენტში 76 ხმაც არ ექნებათ მთავრობის ფორმირებისთვის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ეჭვობს, რომ „ბიძინა ივანიშვილს პარანოიდული შიზოფრენიის სერიოზული პრობლემები აქვს“.

„ფიქრობს, რომ მან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც წასვლას ძირითადად ადმინისტრაციულ რესურსს აიძულებენ, თავი უნდა დაიცვას, რაც აჩვენებს, რომ ამ კაცს სერიოზული გამოწვევა აქვს.

მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მათი შვილების მომავალი და ქვეყნის ბედი არის კაცის ხელში, რომელიც ისეთი შიშის მანითაა შეპყრობილი, რომ სახლიდან ქუჩაში არ გადის, ხოლო როცა გადის, ცალკე ტრიბუნა უნდა დაიდგას და ხალხს ტყვიაგაუმტარი შუშის უკნიდან მიმართოს“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი