„ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე ფიქრობს, რომ გაყალბების წინააღმდეგ მთავარი დაზღვევა მაღალი აქტივობაა.

როგორც მან საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ მედიასთან თქვა, საარჩევნო მანიპულაციის, ზეწოლის, ძალადობისგან დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ მაღალი აქტივობაა.

„თუ არ გინდათ წარსული, თუ გინდათ დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან, ეს ქალაქი და ქვეყანა პოლიტიკური პატიმრების გარეშე, კორუფციის, უსამართლობის, უკანონობის, არაკომპეტენტურობის გარეშე, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ თქვენს საარჩევნო უბნებზე და მისცეთ ხმა საქართველოს მომავალს, არა წარსულს, არამედ მომავალს. მარტივი ფორმულირებაა, რომ თქვენი დედაქალაქის, თბილისის და მთელი საქართველოს ბედს წყვეტთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ. იმედიანად, მშვიდობიანად, ამისთვის საჭიროა, მხოლოდ და მხოლოდ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა, აზრი იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ, გუნდებისა და კანდიდატების მიმართ, რომლებიც საუბრობენ მომავალზე. კი არ კინკლაობენ, არამედ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომლითაც შეიძლება მხარი დაუჭირონ მოქალაქეებს, აღმოვფხვრათ ის სიღარიბე, უსამართლობა და კორუფცია, რაც ჩვენ გარშემო არის გამეფებული.

რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს, საარჩევნო მანიპულაციის, ზეწოლის, ძალადობის დაცვის საუკეთესო საშუალებაა მაღალი აქტივობა. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე და ეს არის სწორედ იმის გარანტია, რომ საარჩევნო უბნებზე მანიპულაციას შესაძლებლობა იქნება ბევრად მცირე „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლები არ მივლენ საარჩევნო უბნებზე. მთავარია მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, დააფიქსიროთ თქვენი ხმა და მოსაზრება, ეს იქნება მთავარი დაზღვევა გაყალბების, მანიპულაციის, ზეწოლისა და ძალადობის წინააღმდეგ.

დღევანდელი დღის პროგნოზს წყვეტენ მხოლოდ და მხოლოდ, თბილისელები და ის ადამიანები, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი ქალაქის ბედზე. მათი აქტივობა, მათი შრომა, ბრძოლისუნარიანობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ განმსაზღვრელი დღევანდელი დღის. მე დარწმუნებული ვარ, თბილისი, ისე როგორც ყოველთვის, იქნება ცვლილებების ავანგარდში, იქნება ავანგარდში საკუთარი უფლებების დაცვის და ეროვნული ინტერესების დაცვის“, - განაცხადა კუპრაძემ.