„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ გვახსოვს, რომ აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით  და ემსახურება მთავარ მიზანს - ქვეყნებმა, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ  და არიან ევროპული ოჯახის წევრები,  შეძლონ და უფრო მეტად დაახლოვდნენ ევროკავშირთან.რა თქმა უნდა, ჩვენ ცალკე, ინდივიდუალური ორმხრივი ფორმატი გვაქვს ევროკავშირთან, რომელიც არის ჩვენი ევროინტეგრაციის მთავარი ხაზი, თუმცა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმა არის ჩვენთვის სასარგებლო მექანიზმი, იმისთვის, რომ  საქართველომ გააგრძელოს წარმატებული, ევროპული ინტეგრაცია.“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ლონდონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის იყო  უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები. ასევე, საუბარი შეეხო ენერგოსაკითხებს და ენერგორესურსების დივერსიფიცირების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ კონტექსტში.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა შეხვედრაში, სადაც  განიხილეს ენერგეტიკის და დაკავშირებადობის საკითხები. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილე, ერთი მხრივ გეოგრაფიული მდებარეობით, მეორე მხრივ, მისი როლის თვალსაზრისით, იმისთვის რომ ეფექტურად შევძლოთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება. საუბარი შეეხო სხვადასხვა ენერგოპროექტს, ასევე ელექტროენერგიის კაბელს, რომელიც ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპისთვის ენერგოდივერსიფიკაციის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა.“ - განაცხადა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ წარმოადგინა კონკრეტული ინიციატივები -  თუ რა შეიძლება აისახოს ღონისძიების საბოლოო დოკუმენტში: „ ეს არის ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა და რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, აქაც მიმდინარეობს ამ ყველაფერზე მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინიციატივები და ჩვენი ხედვები შესაბამისად იქნება ასახული დოკუმენტებში.“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით,  საქართველოს პრემიერ- მინისტრს  სხვადასხვა ლიდერთან კომუნიკაციის შესაძლებლობაც ჰქონდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო, რომელსაც ბლენჰაიმის სასახლე მასპინძლობს.