ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი აცხადებს, რომ წუხს საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან.
„ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, – თქვა რუსოპულოსმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცარეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.
ასამბლეის წევრები უფლებას იტოვებენ, აპრილში კიდევ ერთხელ გაასაჩივრონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, თუ რეზოლუციაში მოცემული პირობები არ შესრულდება. რეზოლუციის მიღების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, ხოლო საქართველო, როგორც სახელმწიფო, ცხადია, რჩება ევროპის საბჭოს წევრად.
1tv.ge