ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის შორის გამართულ სატელეფონო საუბარს BRANDING.GE-ს დამფუძნებელი და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე bm.ge-ს გადაცემა ,,საქმის კურსში“ გამოეხმაურა. ლევან კობერიძის განცხადებით, უცნაურია, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს მეთაურს, პრემიერ-მინისტრს არ ესაუბრება და საკითხებს ბიძინა ივანიშვილთან განიხილავს. მისი შეფასებით, ეს ფაქტი ადასტურებს ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობას.
,,სიტუაცია მთლიანობაში, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ არის საკმაოდ რთული. დღევანდელი ზარი, რომელიც განხორციელდა, (შეფასებას თუ შეიძლება სხვა კუთხიდან დავიწყებ) ძალიან უცნაურია, როდესაც მაკრონის ზარი ხორციელდება არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, არამედ ივანიშვილთან. გაუგებარია, ქვეყანას როდესაც ჰყავს მეთაური ფორმალურად, ეს არის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად ზარი უნდა ხორციელდებოდეს მასთან და შესაბამისად, მთელი პროცესების განხილვაც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნიდან და მისი ლიდერისგან უნდა ხდებოდეს მასთან. ანუ აქაც უკვე კითხვის ნიშანი ისმის. არაფორმალური მმართველობა, (ასე დავარქვათ ბრჭყალებში) რომელიც საქართველოში რეალურად დღეს გვაქვს წარმოდგენილი ამისი კიდევ ერთხელ დადასტურებაა. ანუ ევროპელი ლიდერებიც ხედავენ, თუ ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი და ვინ არის რეალურად მმართველი მთელი მოვლენებისა და თემის, რაც საქართველოში ხდება. ეს არის ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი. სამწუხაროდ, ივანიშვილი არის დღეს იმ პოზიციაში, რომ (მოდი ასე ვიტყოდი) რაღაც გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებში, ფორმალურად რაც არის ქვეყანაში: პარლამენტი, მთავრობა და ა.შ. რეალურად ის არ არის ჩართული, არ იღებს მონაწილეობას, არადა რეალურად მართავს მთლიანად ქვეყანას და მასში მიმდინარე პროცესებს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. ამის დასტურია თუნდაც ისიც, რომ ჩემი აზრით მოქალაქეობრივადაც ცოტა შეურაცხმყოფელიც არის, როდესაც ის ასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატს. ოღონდ (ივანიშვილმა) გუშინ მოიხსნა პარლამენტის წევრობის სტატუსი, ანუ ის არ მისცემს ხმას იმ პრეზიდენტს, რომელიც მან დაასახელა. ანუ ფორმალურად იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც ქვეყანაში მიიღება არსად არ მონაწილეობს. არადა ამ დროს ვხედავთ, რომ მაკრონი ურეკავს მას, იმიტომ, რომ რეალურად გადაწყვეტილების მიმღებია.’’- განაცხადა bn.ge-ს გადაცემა ,,საქმის კურსში“ ლევან კობერიძემ.
BRANDING.GE-ს დამფუძნებელი და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მართვის არსებული კულტურა ადასტურებს, რომ საქართველო ღირებულებებით ასცდა ევროპულ სტანდარტებს.
,,ესეც არის, (მოდი ასე ვიტყოდი) არაევროპული კულტურა ქვეყნის მართვის და ეს არის იმ ღირებულებებიდან აცდენა, რომელიც ახასიათებს იმ სივრცეს ევროკავშირის, ევროატლანტიკურ, დასავლეთის სივრცეს. საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით და სადაც არის საქართველოს მოსახლეობის მკაფიოდ დაფიქსირებული სურვილი, რომ იქ გვინდა, რომ ვმონაწილეობდეთ ასეთი ცხოვრების წესში, ასეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ. ამიტომ, დიალოგში (არ ვიცი დეტალები, რაღაც დეტალები ჟღერდება) ალბათ, სავარაუდოდ იქნება გარკვეული მოთხოვნები, ზეწოლა ან მინიშნება და ა.შ. თუმცა, მე რომ მკითხოთ იმაზე საკმარისად პირდაპირი მინიშნება გაკეთდა აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან და ლიდერებიდან და ელჩისგან, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირს საქართველოში. თუმცა, დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება ამ ყველაფერს ძალიან არაეთიკურად ისხლიტავს და ფაქტობრივად ამბობს, რომ მან უფრო კარგად იცის რა სჭირდება ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას. არადა, საქართველოს მოსახლეობას რაც უნდა კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული, ქუჩის აქციებშიც არის გამოხატული, არჩევნებშიც გამოიხატა და შესაბამისად, ხელისუფლების და ხალხის დაშორების პროცესი ძალიან მკაფიოა დღეს. ეს სურათი გვაქვს.’’- განაცხადა ლევან კობერიძემ.
BRANDING.GE-ს დამფუძნებელი და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რამაც საქართველო დასავლელ მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს დააშორა. ლევან კობერიძის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ღირებულებით ნაწილში ასცდა მეგობარ სახელმწიფოებს.
,,თუ ჩვენ ვილაპარაკებთ პოლიტ კომუნიკაციის და პოლიტ ბრენდინგის ენაზე, (რადგან მე მაქვს გარკვეული გამოცდილება) ვიტყვი შემდეგს, რომ ბრენდს ახასიათებს (არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური ბრენდი იქნება, ქვეყნის ბრენდი იქნება, თუ კომერციული კომპანიის ბრენდი) ერთი რამ, ბრენდი ძალიან ჰგავს (ადამიანურ თვისებებს თუ შევადარებთ) მეგობარს. მეგობარს თქვენ როდის კარგავთ? თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენ საქართველო, ევროკავშირის ქვეყნები და დავუშვათ ევროატლანტიკური სივრცე არის ჩვენი მეგობარი, აშშ. ესე გვეგონა ყოველ შემთხვევაში და ესე გვჯერა. 35 წელია უკვე ამ გზით მივდივართ. ჩვენი მეგობრები ისინი არიან და ამას ადასტურებს კიდევაც მათი თანამშრომლობა ჩვენთან, დახმარება და გვერდში დგომა ყველა მნიშვნელოვან საკითხში. თუ ჩვენ ვამბობდით ამდენი ხანი, რომ მეგობრები ვართ, რა დროს შეიძლება დაშორდნენ მეგობრები ერთმანეთს? თქვენ მეგობარს იმის გამო ხომ არ დაშორდებით, შეთანხმდებით, რომ კაფეში წახვიდეთ, ყავა უნდა დალიოთ და დააგვიანეთ თუნდაც ნახევარი საათი. ამის გამო თქვენ, თქვენი მეგობარი არ დაგკარგავთ ხომ? უსაყვედურებთ ერთმანეთს, მაგრამ მეგობრებად დარჩებით. თუ კი თქვენ და თქვენი მეგობარი ღირებულებით ნაწილში ასცდებით ერთმანეთს, ანუ რაღაც ისეთს ჩაიდენს ის, ან თქვენ ან რაღაც ისეთი მოხდება, რაც ღირებულებებს შეეხება, აი მანდ უკვე შეიძლება დადგეს საკითხი, როდესაც ორმა მეგობარმა შეიძლება ერთმანეთი დაკარგოს. ზუსტად ესე არის ახლა. დღეს ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება იმ ღირებულებებზე ამბობს უარს, რის გამოც ჩვენ მეგობრებად ვითვლებით ევროკავშირის ქვეყნებთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ამაზე უარს ამბობს ხელისუფლება და არა მოსახლეობა. ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, რომ ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს მე ვიტყოდი, არ მგონია ვცდებოდე, მაგრამ კონსტიტუცია არის დარღვეული, იმიტომ რომ 4 წლით იქნება თუ რამდენი წლითაც არ უნდა იყოს გადავადება, ამ თემაზე საუბრით ეს არის არაკონსტიტუციური განცხადება. შესაბამისად, ეს არ გამოხატავს მოსახლეობის აზრს, ინტერესს, სურვილს. ამ შემთხვევაში, გასაგებია რატომ გვეუბნებიან ევროკავშირის ქვეყნები, რომ მაშინ ჩვენს შორის მეგობრობა დამთავრდება. სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია აშშ-თან, არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არჩევნების შედეგები არ აღიარა. არჩევნებზე უკვე ვეღარც ვლაპარაკობთ, იმდენად უფრო დიდი თემა და პრობლემური თემა წარმოიშვა ,,ქართული ოცნების'' მხრიდან ამ განცხადებების გამო და გადადგმული ნაბიჯების გამო, რომ რეალურად ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის კურსი დასავლეთის, პროგრესის, ადამიანების კეთილდღეობის უკეთესი ცხოვრების თითოეული ჩვენგანისათვის (იქნება ეს მენტალურად, თუ ადამიანური ცხოვრების ყოფითი მომენტები) ამაზე არის უარი ნათქვამი დღეს.’’- განაცხადა გადაცემაში საუბრისას ლევან კობერიძემ.