„ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ღირებულებებია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპული ღირებულებების დანერგვა, პირველ რიგში, ქვეყანასა და ყოველდღიურობაში სურთ.

„მამული, ენა, სარწმუნოება - დიდი ქართველი მოაზროვნის, წმინდა ილიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გზა გვაქვს გასავლელი. საქართველოს კურსი უცვლელია - ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან.

ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ღირებულებებია. სწორედ ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ყოველდღიურობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.