ამ წუთებში, ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას დახურულ სხდომაზე აძლევს. პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დააკმაყოფილა.
საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ სხდომის დახურვის არგუმენტად კომერციული საიდუმლოების დაცვა დაასახელა - დაცვის მხარე კი ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდა.
"პროცესის დახურვა ერთადერთი იმას ემსახურება, რომ ბიძინა ივანიშვილმა კითხვებზე პასუხი საჯაროდ არ გასცეს. ამ პროცესის დახურვის სხვა რეალური მიზეზი არც ჩანს და ვერც იქნება". - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
tabula.ge