მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, დღეს შეიძლება, რაღაცაში ვერ ერკვეოდეთ, არ გქონდეთ სრული ინფორმაცია, დაფიქრდით, მეგობრებო, გააკეთეთ ანალიზი. ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა და საპროტესტო აქციებში ჩართულ ახალგაზრდებს მიმართა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი.

„ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ადამიანის ლიკვიდაციაზეც. ეს გაუკეთებიათ მათ. 26 მაისს, როდესაც საპროტესტო აქციის დაშლა ხდებოდა, ხომ ვნახეთ, რომ ადამიანები დახოცეს და მიცვალებულები ჯიხურებზე შემოალაგეს, ვითომ უბედური შემთხვევა მოხდა და ისინი ელექტროენერგიის დარტყმით გარდაიცვალნენ. ერთ-ერთ მათგანს პარლამენტში წამოსცდა კიდეც, რომ შეიძლება, რომელიღაც ახალგაზრდას რაღაც მოუვიდესო. ამიტომ მინდა, მივმართო ახალგაზრდებს. დღეს შეიძლება, რაღაცაში ვერ ერკვეოდე, რაღაცაში არ გქონდეს სრული ინფორმაცია. დაფიქრდით, მეგობრებო, გააკეთეთ ანალიზი, შეხედეთ, რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში როგორი პოლიტიკური ვითარებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტს არგუმენტების გარეშე აპროტესტებენ.

„მხოლოდ ერთი არგუმენტი აქვთ, რომ უცხოელები გვეუბნებიან. უცხოელები გეტყვიან მაგას იმიტომ, რომ მათი გავლენა მინდა შევამცირო. მე დარწმუნებული ვარ, გულწრფელად მჯერა, გავა დრო და ვინც ღირსეული ადამიანია, ბოდიშს მოიხდის ამ ყველაფერზე და იტყვის, „ვცდებოდი“, რაც მოხდა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ან როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ხომ გახსოვთ, ზელენსკის ფოტოები ეყენათ საკუთარ ფეისბუქგვერდებზე და ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტში ჩავრთულიყავით, რომ „იმ განცხადებების მოსმენას, რასაც ხელისუფლება ამბობდა, გვირჩევნია, ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო“. ისინი ნორმალური ადამიანები არიან, ვინც ამ მესიჯებს აჟღერებდა? და გჯერათ, რომ ჩვენი ქვეყანა უყვართ და საქართველოს მომავალზე ფიქრობენ?“ - განაცხადა კახა კალაძემ.