დღეიდან ძალაშია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს.

რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ ინფორმაციის ასახვა.

ასევე, განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი შეიქმნა. დეპარტამენტის ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა.

წყარო: ipn.ge