თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში სისტემის ოპტიმიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს ყველაფერი მიმართულია განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ ქვეყანაში. კობახიძის განცხადებით, არცერთი კონკრეტული განცხადება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს უნივერსიტეტების გაერთიანებას.

„თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ იმას, რომ მაგალითად ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ იმის გამო, რომ საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ეს კამპანია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ, არის ისევ და ისევ სიყალბეზე აგებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სპეკულაციურ ბუნებაზე. რაც შეეხება კონკრეტულად ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ დისკუსიას, არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები და არცერთი კონკრეტული განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს ამ გაერთიანებას. პლუსი, დადებითი მხარე არის უამრავი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.