16 დეკემბერს, მაგალითად, დადონ მაგიდაზე დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკება და არც კი დავფიქრდებით, ხელს მოვაწერთ მას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, მთავრობა უარს კი არ ამბობს რაიმე პროცესზე, არამედ ინიციატივის დაყენებას არ აპირებს.

„როგორც იტყვიან, მათ მოედანზე გადავალ და მივმართავ ყველა ადამიანს, რომელიც ოდნავ მაინც გულწრფელად რაღაცას თავისთვის სახლში, „ფეისბუკში“, გარეთ აპროტესტებს და ვისაც ჰგონია, რომ რაღაც ცუდი მოხდა – ისინი მართლები არიან, თუ საქართველომ მართლა უარი თქვა ევროინტეგრაციაზე, რასაც ატყუებენ. ამ შემთხვევაში დიახ, მართლები არიან, ყველა გარეთ უნდა გამოვიდეს, მაგრამ რადგან ეს ტყუილია, უნდა დაფიქრდნენ, კარგად წაიკითხონ ან მოისმინონ ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება და შემდეგ აღმოაჩენენ, რაშია საქმე.

ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შანტაჟის იარაღი არ მივცეთ ხელში ვინმეს, განსაკუთრებით იმ აგენტურას, რომელიც საქართველოში მოქმედებს ჩვენი ე.წ ოპოზიციის სახით, უარს კი არ ვამბობთ რაიმე პროცესზე, არამედ ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ. ამავე დროს ვამბობთ – 16 დეკემბერს, მაგალითად, დადონ მაგიდაზე დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკება და არც კი დავფიქრდებით, ხელს მოვაწერთ მას.

ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ინიციატივით და ხვეწნით არ მივმართავთ, რომ შენი ჭირიმე, იქნებ მოლაპარაკებები გამიხსნა. როგორც კი ევროკავშირის მხრიდან იქნება ამის მზაობა, როგორც კი ასეთი განცხადებები გაკეთდება და იტყვიან, რომ საქართველოს უნდა გავუხსნათ მოლაპარაკებები, ჩვენ სიხარულით, იმავე წამს, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე,  ერთმანეთსაც კი არ დაველაპარაკებით გუნდში, ხელს ვაწერთ. ეს გადაწყვეტილება უალტერნატივოა, ხელს ვაწერთ იმ დოკუმენტს, რომლითაც იხსნება მოლაპარაკება. ამიტომ, ერთმანეთისგან განასხვაონ უარის თქმა რაღაცაზე და ინიციატივის დაყენება, ხვეწნა-მუდარა. ვინმე თუ აპროტესტებს, რატომ არ ეხვეწებითო, იმიტომ, რომ ეს უნდათ, გამოიყენონ ბერკეტად და არავის მივცემთ ბერკეტს. ვინმეს თუ კითხვა აქვს, რას აკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ იხსნება მოლაპარაკებები და ფასდება საქართველოს შრომა ევროინტეგრაციის გზაზე – ხელს ვაწერთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

1tv.ge