რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმის გაუქმებას დადებითად აფსებს და აცხადებს, რომ პირადად აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. 

„ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით. ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში.

ჩვენ არაერთხელ მივმართავდით რუსეთის პრეზიდენტს, რომ მოხსნილიყო ყველა არსებული ბარიერი, მით უმეტეს, რომ საქართველოს არა აქვს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან. ვისაც არ უნდა რუსეთში ჩამოსვლა, შეუძლია არ ჩამოვიდნენ.

მე არ ვიცი, იცოდა თუ არა ქართულმა ოცნებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ელოდა ამ გადაწყვეტილებას.

პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას. შესაძლოა, ეს არ მოხდეს ახლო მომავალში, მაგრამ საქართველოში ჩემი ბევრი ნათესავია დაკრძალული. არ ვიცი, შემომიშვებენ თუ არა საქართველოში, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ხელისუფლებაზე", - განაცხადა მან.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები აღადგინა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება.