„წინა ურთიერთობების გამოცდილებიდან, ალბათ, გადაწყვეტილება არ იქნება კარგი,“ - ასეთი მოლოდინი აქვს ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. ბიზნესმენმა ამ საკითხზე ,,ბიზნესპრესნიუსთან’’ ისაუბრა. თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო ურთიერთობები უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია. მისი თქმით, დღეს საქართველო არ არის მდგრადი, სტაბილური, განვითარებადი, მეგობრული პოლიტიკური ურთიერთობის კუთხით, რაც ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებაზეც აისახება.
„იმ ლოგიკით, როგორც მიმდინარეობს საქართველოს აკრედიტებული ელჩების გადაწყვეტილებები, შეხედულებები, ჩვენი და ევროპელი პოლიტიკოსების ურთიერთობები, რა საფუძველს უნდა გვაძლევდეს?! ჩვენი საგარეო ურთიერთობები არის უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში, არ გვთვლიან მეგობარ ქვეყნად. ქვეყნის განვითარებისათვის ეს მდგომარეობა არ ვარგა. მოქალაქეებისთვის ქვეყანა უნდა იყოს მდგრადი, სტაბილური, განვითარებადი, მეგობრული პოლიტიკური ურთიერთობის კუთხით, ეს დღეს ასე არ არის. შესაბამისად, წინა ურთიერთობების გამოცდილებიდან, ალბათ, ევროპარლამენტარების გადაწყვეტილება არ იქნება კარგი. შესაბამისად, ალბათ, საქართველოს მოქალაქეებს ეს არ მოგვეწონება, რადგან ჩვენი ქვეყანაა და არა პარტიული კუთვნილება,“ - ამბობს თემურ ჭყონია.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციის მიღებას, დღეს, 28 ნოემბერს გეგმავს.