ოპოზიციას ალბათ მაინც გაუჭირდება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ამდენ ხანს ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი არიან არალეგიტიმურები და ა.შ. და ახლა უნდა მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც დანიშნავენ პრეზიდენტი ყაველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.

„ერთხელ უკვე აქვთ მსგავსი რამ გაკეთებული, როდესაც, მათ შორის, ხელმოწერებით აცხადებდნენ, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, მაგრამ ბოლოს შევიდნენ, 4 წლის წინანდელ მოვლენებს ვიხსენებ. აქაც ამბობენ, რომ არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ესეც აქვთ გაცხადებული, აქაც რასაც ეტყვით პატრონი, იმას გააკეთებენ. მაგრამ შეიძლება, მათთვისაც არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, ამდენ ხანს რომ ამტკიცებ, რომ არალეგიტიმურია პრეზიდენტიც და პრემიერიც, ამ ორი ადამიანის მიერ დანიშნულ არჩევნებში რომ მიიღო მონაწილეობა, ასეთი რამ შეიძლება, მათაც კი გაუჭირდეთ, უკიდურესი უპრინციპობის მიუხედავად. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის არჩევნების მოგება, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება და აქედანვე შემიძლია გითხრათ სრული სიმტკიცითა და თავდაჯერებულობით, რომ ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს, დიდი უპირატესობით,“- განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს