„ჩემს გეგმას ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ორბელიანების სასახლესთან განაცხადა. მისი თქმით, ქართულის საზოგადოება არის მზად, რომ გადადგას ახალი ნაბიჯი და აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროკავშირში.
„ჩემს გეგმას ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა. ეს არ არის მარტივი, ეს გეგმა თქვენს ხელშია, მაგრამ მე მჯერა, რომ ქართულის საზოგადოება არის მზად, რომ გადავდგათ ახალი ნაბიჯი და აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროკავშირში.
პრეზიდენტის თქმით, "ქართული ქარტია" ითვალისწინებს სხვანაირ პარლამენტს, რომელიც იქნება მოკლე ვადით არჩეული და სხვანაირი მთავრობა, რომელიც იქნება განსხვავებული მოდელის მიხედვით დაკომპლექტებული.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული ქარტია „არის ერთობა ერთიანობის გარეშე, ერთობა მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ, თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს".
„გადავწყვიტე, თქვენ წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებისთვის. შევადგინე და წარმოგიდგენთ ქართულ ქარტიას, რომელსაც ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულებისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისათვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, არჩევნები და მთავრობა. მე გეტყვით რას ნიშნავს სხვანაირი ერთობა. ეს არის ერთობა, ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ქარტიის ხელის მოწერის შემდეგ, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება. ეს უკვე მე არ მეხება.
დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და გარემო, არ იძლევა შესაძლებლობას რომ ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა შესაძლებლობა რომ თავისი სახე, პროგრამა, მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას. ამიტომ ეს არჩევნები იქნება რეალურად სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა. როცა ჩვენ ხმას მივცემთ ჩვენ ქარტიაზე ხელმოწერილ რომელიმე პარტიას, ესე იგი ჩვენ ვაძლევთ ხმას ევროპულ მომავალს.
სხვანაირი პარლამენტი - ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. მან უნდა შეასრულოს ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებები, შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ თავისუფალ გარემოში ჩააბარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკს და მათ შორის ის რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს.
სხვანაირი მთავრობა - ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი. ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული შერჩეული მთავრობა. დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, შედეგიანი და უაღრესად ევროპული. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან. განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან და რაიმე სხვა ფორმით.
ეს გეგმა ჩვენი მშვიდობიანი გამოსავალი, და მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ დავიცვა ეს გადარჩენის და ევროპაში დაბრუნების გზა. ამავე დროს ეს გეგმა მიგვიყვანს იმ სიკეთეებამდე, რასაც ჩვენი სტრატეგიული მეგობარი აშშ გვთავაზობს, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვუბრუნდებით კონსტიტუციით გაცხადებულ და გარანტირებულ საგარეო კურსს", - განაცხადა პრეზიდენტმა.