ბიძინა ივანიშვილმა თავისი ოფთალმოლოგის შვილს ჯერ მოსკოვში სამსახური დააწყებინა, შემდეგ საქართველოში $6-მილიარდიანი კომპანია ჩააბარა სამართავად, ბოლოს კი მის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა და პროკურატურაში უჩივლა.

38 წლის ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლებოდა, ახლა 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება „თაღლითობისა“ და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით.

მის წინააღმდეგ აღძრული საქმე დიდ ფულში, კრიპტოში, პირად ურთიერთობებში, პოლიტიკასა და შეთქმულების თეორიებშია გადახლართული.

დავიწყოთ თავიდან:

ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი?

„ივანიშვილის პირადი ფინანსისტი“, როგორც მას ზოგჯერ მედია უწოდებდა, გიორგი ბაჩიაშვილი წლების განმავლობაში ითვლებოდა ქართველ მილიარდერთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ და მისი ნდობით აღჭურვილ პირად. ბაჩიაშვილი მართავდა ივანიშვილის საკვანძო კომპანიებს რუსეთსა და საქართველოში.

2009-10 წლებში პარიზში, ბიზნესის ევროპულ ინსტიტუტში (INSEAD) სწავლის შემდეგ ბაჩიაშვილმა ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბაჩიაშვილი სწავლას ასრულებდა, დედამისმა, მარინა რამაზაშვილმა, ივანიშვილს სთხოვა, შვილი თავისთან დაესაქმებინაო, - ჰყვება ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე.

ბაჩიაშვილის დედა, ცნობილი ოფთალმოლოგი მარინა რამაზაშვილი ამ ამბავს სხვაგვარად იხსენებს. ამბობს, რომ მასთან ოფთალმოლოგიურ კონსულტაციაზე მისულ ივანიშვილთან საუბრისას შვილი უბრალოდ ახსენა და შეაქო.

სრულად იხილეთ radiotavisupleba.ge