საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.
“23 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დავაანონსე. ამ გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონი დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.
ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წელზე მეტის განმავლობაში, შეერთებული შტატების ხალხმა დახმარების 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენმა დახმარებამ წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნაში, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სამედიცინო პროფესიონალების წვრთნაში. ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული დავრჩებით”, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.