საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე დისკუსიები ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს. პოლიტიკურ ლიდერებს შორის ერთგვაროვანი პოზიცია არ არის. ევროკავშირში ნაწილი მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებით საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება, რაც მათ არასწორ ნაბიჯად მიაჩნიათ. რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს? რამდენად შესაძლებელია სავიზო რეჟიმის გაუქმება და რა გავლენას მოახდენს ეს ქვეყანაში ბიზნეს გარემოზე? საკითხზე ,,კომერსანტი’’ ,,ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ გენერალურ მდივანს ესაუბრა. ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ უნდა შეჩერდეს, რადგან ამით ხალხი და ქვეყნის მიერ არჩეული პოლიტიკური ვექტორი დაზარალდება, რაც თავის თავად უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

,,საქართველოს პასპორტით ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე კვეთს ევროკავშირის საზღვარს, ამით საქართველოს მოქალაქე თავის ბიზნეს და პოლიტიკურ პარტნიორებთან თანაბარ პირობებში ჩადგა. ვის გაუხარდება ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა? პირველ რიგში, ეს გაუხარდება იმ აგრესორ მეზობელს, რომელსაც ჩემი ქვეყნის ტერიტორია აქვს დაკავებული. აი მარტო ამიტომ, მაქვს ასეთი ხედვა, რომ არ შეიძლება სავიზო რეჟიმის შეწყვეტა. ამან საბოლოო ჯამში შეიძლება ნიჰილიზმი გამოიწვიოს საზოგადოებაში. ეს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს რუსულ სპეცსამსახურებს, რომ კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ. უამრავი გამოწვევის ფონზე, მათ შორის ათი ათასობით რუსი ტურისტის ფონზე, რომელთა ნაწილიც უკვე დასახლდა საქართველოში და პრაქტიკულად ყოველ 10 მეტრში უკვე რუსული საუბარი გესმის, ამის ფონზე კიდევ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მე ვიტყოდი, რომ ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის. მესმის, რომ დემოკრატიაში გაგვიჩნდა დიდი ნაპრალი, რაც არჩევნებს უკავშირდება, სასამართლოს უკავშირდება, მაგრამ ვიზალიბერალიზაცია არ უნდა შეწყდეს, რადგან არ უნდა დაზარალდეს ხალხი და არ უნდა დაზარალდეს ის პოლიტიკური ვექტორი, რომელიც რუსეთს გვაშორებს. ყველაზე მეტად დღეს ლავროვის უწყების და რუსეთის მთელი სპეცსამსახურის იდეა, სწორედ ეს არის, ჩაჭრას საქართველოს ყველა კავშირი ევროკავშირთან, რათა შენ ისევ გახდეს რუსეთის სრული გავლენის ქვეყანა. ჩემი ვარაუდით, ვიზალიბერალიზაცია არ უნდა შეჩერდეს. მე მგონი ამას ყველა აცნობიერებს, მათ შორის ხელისუფლებაც. მათი შვილები იმ ევროპულ ქვეყნებში სწავლობენ. აბა მოსკოვში და ნოვგოროდში ხომ არ ვაგზავნით შვილებსა და შვილიშვილებს. მაშინ რა ალტერნატივას ვთავაზობთ ქართულ საზოგადოებას? თუ არა ევროპა და თუ არა ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები.’’- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.

,,ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ გენერალური მდივანი განმარტავს, რომ განვითარებული ევროპული ქვეყნების ეკონომიკა სწორედ დემოკრატიაზე დგას. ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, დემოკრატიული პრინციპების გაუქმებით ამ ქვეყნების ეკონომიკები მყისიერად ჩამოიშლება. მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვისაც დემოკრატიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

,,რატომ გვინდა ევროპული განზომილება? დამისახელოს ვინმემ ერთი ქვეყანა მაინც, ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ერთი მოქალაქე მაინც იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. ვერ ნახავთ ასეთ პრეცედენტს, რადგან ყველა არის შეთანხმებული, რომ უზენაესი არის ხალხის ნება. რატომ არის ეს ქვეყნები ეკონომიკურად სტაბილური? სწორედ დემოკრატიის პრინციპებზე რომ არის დაფუძნებული. ჩამოშალეთ დემოკრატიის პრინციპი და მერე ნახეთ, როგორი ეკონომიკა ექნებათ განვითარებულ ქვეყნებს. ჩათვალეთ, რომ მათი ეკონომიკები მყისიერად ჩამოიშლება. ეკონომიკის განვითარების ფუნდამენტური საფუძველი არის პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული პრინციპები.’’- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.

,,ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპელი პარტნიორების ნდობის მოპოვება ამ ვითარებაშიც შეუძლია. ამისთვის კი საჭიროა ხელახალი არჩევნების ჩატარება და ჩვენებას, რომ ქვეყანაში მოქალაქეების ნება უზენაესია.