ამ ეტაპზე, მის მიმართ სანქციები არ არის - ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად ინფორმირებულია, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა ,- ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ობრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ დე ფაქტო სანქციების ქვეშაა.
როგორც ობრაიენმა განაცხადა, დასახელებული მიზეზი ნიშნავს იმას, რომ „პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში“.
„კანონის განხილვებთან დაკავშირებით გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ აშშ-ში. იყო ,ასევე, შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. სანამ აქ ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციებზე. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა. მიზეზი, რის გამოც ადამიანმა შეიძლება უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობა და საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებაა. თუმცა ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, რომ არ უნდა შეიცვალოს ის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ჩვენს შორის არსებობს“,- განაცხადა ობრაიენმა.
მისი თქმით, თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, ის უნდა იყოს მშვიდობიანი და ასევე, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ პირები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებაში იქნებიან ბრალდებულნი.
„თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, გვსურს, რომ ის მშვიდობიანი იყოს და გვსურს, რომ პოლიციის წარმომადგენლობა იყოს მშვიდობიანი, გვინდა, რომ არ იყოს დაშინების ფაქტები დემონსტრანტებისა თუ სხვების, იქნება ეს თავად აქციაზე, მათ სახლებში თუ მათი ქონების საწინააღმდეგოდ, როგორც ეს იყო უკანასკნელი დღეების განმავლობაში. დაშინებაზე პასუხისმგებელი ადამიანები უნდა მოიძებნონ და სამართალში იქნან მიცემულნი.
თუ კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე და თუ ამგვარი რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მისამართით გაგრძელდება, ვფიქრობ, ურთიერთობები რისკის ქვეშ დადგება. რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ - ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, დაახლოებით, 319 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც ვგეგმავთ საქართველოს ხელისუფლებასთან, ნახევარს სამხედრო დახმარებისთვის, მესამედის დახარჯვას ვგეგმავთ ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტებისა და ასევე ინსტიტუციების მშენებლობისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველაფერი ეს უნდა გადაიხედოს, თუ ჩვენ ახლა განვიხილებით როგორც მოწინააღმდეგე და არა პარტნიორები. და თუ ეს კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან და ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, იქნება ეს ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზედა მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე“,- განაცხადა ობრაიენმა.
მისივე თქმით, აშშ-ს სურს, რომ საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ.
„ამ რაღაცებს იმიტომ არ ვამბობ, რომ მსურს ეს მოხდეს, არამედ მსურს, რომ საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ. იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე კვლავ დაიწყება დღეს სიარული და თუ ასე არ მოხდება, მაშინ აღნიშნულ საკითხებს ძალიან სწრაფად გადავხედავთ”, - აცხადებს ის.