მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Facebook-სა და Instagram-ზე ქართული აუდიტორიისთვის 358 035 აშშ დოლარის ღირებულების პოლიტიკური და სოციალური რეკლამა განთავსდა, რაც 78%-ით აღემატება წინა კვარტლის დანახარჯების ოდენობას.
ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების (ISFED) კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც Meta-ს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებს ეყრდნობა.
პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე 2024 წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 163-166 ათასი აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენლების რეკლამებზე დახარჯული თანხის წილმა ყველა პოლიტიკური სუბიექტის დანახარჯების დაახლოებით 2/3 შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა სახელისუფლებო პარტიისა და მის ცალკეულ წარმომადგენელთა გვერდების სარეკლამო დანახარჯები, რამაც აპრილი-ივნისის პერიოდში 100 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა.
ISFED-ის მონაცემებით, გაორმაგდა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და მისი წარმომადგენლების გვერდების სარეკლამო ხარჯიც (33 211 აშშ დოლარი). ამ თანხის 82% პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის, ოფიციალურ გვერდზე განთავსებული რეკლამებისთვის დაიხარჯა.
მოცემული ორი პარტიისგან განსხვავებით, წინა კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად, 7 084 აშშ დოლარამდე, შემცირდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და მისი ლიდერის, გიორგი ვაშაძის, ოფიციალური გვერდების სარეკლამო დანახარჯი. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა კი, რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიისთვის, ჯამურად, 20 ათას აშშ დოლარზე ნაკლები დახარჯეს.