2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი ხუნდაძე ფლობს 10 მიწის ნაკვეთს, 2 საცხოვრებელ სახლს, სარდაფს, 1 ბინას და 1 აგარაკს.

დეპუტატს 8 მიწის ნაკვეთში 93 000 ლარი აქვს გადახდილი (მას ყველა მიწის ნაკვეთი შეძენილი აქვს პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ). ერთის შემთხვევაში მითითებულია, რომ ნასყიდობა გაფორმებულია 24.11.2017-ში და ფლობს ნაკვეთის 25%-ს, მაგრამ თანხა არაა მითითებული. ასევე, ის ფლობს კიდევ ერთი ნაკვეთის 25%-ს, რომელიც მემკვირდეობით აქვს მიღებული.

ხუნდაძეს მცხეთაში მდებარე 295 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, მიმდინარე წლის 11 იანვარს, მემკვიდრეობით გადაეცა. ხოლო, მეორე სახლი დაბა ურეკში 15 000 ლარად შეიძინა 2008 წელს.

რაც შეეხება აგარაკს, მან 2013 წელს, 15 000 ლარად შეიძინა (დაბა უკერში).

მოძრავი ქონებიდან, მის საკუთრებაშია MERSEDES-BENZ E400-ი, რომელიც 2021 წელს 56 000 ლარად შეიძინა.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის 40%-იან წილს ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ხუნდაძის შპს ფირმა დიონისე“-ში.

დეპუტატს 2023 წელს, პარლამენტიდან, ხელფასის სახით აღებული აქვს 48 471.6 ლარი, ხოლო მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან (ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი) 32 400 ლარი.

ცნობისთვის, დიმიტრი ხუნდაძე ე.წ. „რუსული კანონის“ ერთ-ერთი მხარდამჭერია.