„თუ პროდუქტის ფასების რეგულირებას დავიწყებთ, შედეგად პროდუქტის დეფიციტს მივიღეთ“ -ამის შესახებ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ სირბილაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სხვადასხვა პროდუქტზე ფასების შემცირება შესაძლებელი იქნება თუკი მთავრობა დღგ-ს განაკვეთს შეამცირებს.

„თუ ჩვენ  იგივე სურსათზე დავიწყებთ ფასების რეგულირებას, მაშინ მივიღებთ პროდუქციის დეფიციტს დახლებზე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენთან სურსათზე ფასები იზრდება ეს გადასახადებია. ბაზარზე სურსათი იყიდება 18 პროცენტით ძვირად, რადგან ბიზნესი ბიუჯეტში იხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ მინიმუმ შევამციროთ დღგ სურსათზე ან საერთოდ გავაუქმოთ, რაც ბიზნესს ფასების შემცირების შესაძლებლობას მისცემს. შედარებისთვის, იგივე ესპანეთსა და იტალიაში ძირითად საკვებ პროდუქტებზე დღგ-ს განაკვეთი მხოლოდ 4-5 პროცენტია. თურქეთში მაგალითად, პურსა და ბაზისურ ინგრედიენტებზე დღგ 1 პროცენტის ფარგლებშია და ასე შემდეგ“, - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.

ეკონომისტის შეფასებით, ფასნამატზე ფოკუსირება და ამით ბიზნესის მერ დადგენილ ფასებზე აქცენტირება ბუნდოვანია, რადგან ფასნამატი არ გულისხმობს მოგებას.

„როდესაც ჩვენ ფასნამატზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიზნესს აქვს უამრავი ხარჯი, რომელიც იწყება პროდუქციის იმპორტის პროცესიდან და მთავრდება დახლზე განთავსებით.  ამ პროცესში ბიზნესს აქვს პროდუქტის შეძენის, ლოგისტიკის, გადასახადების, ხელფასისა და სუპერმარკეტში განთავსების ხარჯები. შესაბამისად მოგების მარჟა ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ფასნამატი“.  - ამბობს ნოდარ სირბილაძე.