სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოქვეყნა მონაცემები 2022 წელს სიღარიბის აბსოლიტურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ სიღარიბის აბსოლიტური მაჩვენებელი გასულ წელს 15.6%-მდე შემცირდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებულ რეალობაში ჩვენი ქვეყნის მხოლოდ 15.6% იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მაშინ როცა 2021 წელს 17.5% იყო.

სიღარიბის არსებული დონე რეკორდულად დაბალია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვახსენოთ, რომ არსებული მონაცემები კვლავინდებურად საგანგაშოა.

რაც შეეხება იმას, თუ რამ განაპირობა სიღარიბის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება. როგორც ცხოვრებაში ისე სტატისტიკურ ანალიზშიც ერთ დამოკიდებულ ფაქტორზე სხვადასხვა დამოუკიდებელი ფაქტორი ახდენს გავლენას.  თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ფაქტორი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ზოგი ფაქტორი შეიძლება ძალიან მცირე ზეგავლენას ახდენდეს, ზოგი კი პირიქით, მთავარი შემოქმედი იყოს ამა თუ იმ შედეგის.

მაგალითად ადამიანის მაღაზიაში წასვლას სხვადასხვა დამოუკიდებელი ფაქტორი განაპირობებს, ეს შეიძლება იყოს პროდუქტის საჭიროება, ან თავისუფალი დრო, ანდაც განტვირთვა. თუმცა აქ ჩამოთვლილი დამოუკიდებელი ფაქტორებიდან თუ მთავარი მოტივი ადამიანის წასვლის არის პროდუქტის საჭიროება მაშინ გამოდის, რომ მისი გადაწყვეტილების ამხსნელი სწორედ ეს პირველი და ყველაზე მთავარი ფაქტორია.

ასეა სიღარიბის სტატისტიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებითაც. სიღარიბის შემცირება შეიძლეება აიხსნას სწრაფი ეკონომიკური ზრდით, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა, ასევე შეიძლება აიხსნას ფულადი გზავნილებით, ანდაც საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდით.

მოდით დავიწყოთ განხილვა ეკონომიკური ზრდის ფაქტორით. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი საქონელი და მომსახურება იწარმოება, რაც ნიშნავს შემოსავლების ზრდასა და შედეგად კეთილდღეობის ამაღლებას. თუმცა რამდენადაა აღნიშნული სიღარიბის შემცირების მიზეზი ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის ნათლად ილუსტრირებისთვის ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ არა აბსოლიტური, არამედ ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი. იგივვე საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2022 წელს ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა უკანასკნელი 3 წლის მაქსიმუმზეა და მოსახლეობის 19.9%-ს შეადგენს. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი კი ასახავს მედიანური მოხმარების 60 პროცენტს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც იმაზე ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობის მედიანური ხარჯია.

იმ ფონზე როცა ჯინის კოეფიციტენტი შემოსავლების მიხედვით შემცირდა,ხოლო ხარჯვით ნაწილში ისტორიულად ყველაზე დაბალია (ანუ ადამიანების ფინანსური უთანასწორობა ისტორიულად დაბალია),  მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლიტური სიღარიბე უშუალოდ ეკონომიკური ზრდის ფაქტორის ზეგავლენით ნაკლებად აიხსნება, რადგან ეკონომიკურ ზრდა თუ ამცირებს სიღარიბის მაჩვენებელს, მაშინ მან ასევე ფარდობითი სიღარიბეც უნდა შეამციროს იმის გათვალისწინებით რომ ჯინის კოეფიციენტი არ იცვლება.

აბსოლიტური სიღარიბის შემცირების მთავარი ფაქტორად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის რეკორდული ზრდა უნდა განვიხილთ. კვლევები გვიჩვენებს, რომ  გასული 5 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. მაგალითად, PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 2022-ში შემწეობას 209 000 ადამიანით მეტი იღებდა. შესაბამისად, 2018 წლიდან 2022 წლამდე შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა (48%-ით).

საარსებო შემწეობის ზრდა ნიშნავს, რომ მოსახლეობამ გადალახა სიღარიბის ეს მინიმალური ბარიერი, მაგრამ ფარდობითი სიღარიბის ნაწილში მდგომარეობა მაინც გაუარესდა, რადგან მათი შემწეობის ხარჯზე გაზრდილი შემოსავლები და შედეგად ხარჯები კვლავ ჩამორჩება მოსახლეობის მედიანურ ხარჯს.

ავტორი:

ნოდარ სირბილაძე
ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი