ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

ჯანმოს პრეს-სპიკერი ტარიკ ჯასარევიჩი აცხადებს, რომ მართალია, ზოგიერთი დაკვირვების შედეგად გამოითქვა ვარაუდი ნაყოფზე პარაცეტამოლის ზემოქმედებასა და აუტიზმს შორის შესაძლო კავშირზე, თუმცა არსებული მონაცემები ურთიერთსაწინააღმდეგოა.


რამდენიმე შემდგომმა კვლევამ  კი, მისივე თქმით, ასეთი კავშირი ვერ აღმოაჩინა. ის ასევე აღნიშნავს, რომ აცეტამინოფენსა და აუტიზმს შორის კავშირი რომ ძლიერი იყოს, ის რამდენიმე კვლევაში იქნებოდა დაფიქსირებული
ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ სამ თვეში, სამკურნალო საშუალებები ქალებმა სიფრთხილით უნდა მიიღონ, ასევე მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც  საშუალებას იძლევა, შეფასდეს ინდივიდუალური გარემოებები და დაინიშნოს აუცილებელი წამლები.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ პრეპარატ აცეტამინოფენს  ახალ გამაფრთხილებელ ეტიკეტს დაურთავს. ამ ეტიკეტზე მითითებული იქნება შესაძლო კავშირი ორსულობის დროს აცეტამინოფენის (ამერიკაში ის ცნობილია ტაილენოლის სახელით) მიღებასა და ბავშვებში აუტიზმის განვითარებას შორის. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, აუტიზმის შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, პრეპარატ „ტაილენოლის“ მიღებას უკავშირდებოდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ორსულებს მოუწოდა, შეამცირონ „ტაილენოლის“ მიღება, რადგან, შესაძლოა, მისი გამოყენება აუტიზმის რისკს ზრდიდეს.