ახლო მომავალში თბილისს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი ონკოლოგიური ცენტრი შეემატება.

კლინიკა, რომელიც ლუბლიანას 21 ნომერში განთავსდება, მთლიანად იქნება ორიენტირებული ონკოლოგიისა და რადიაციული თერაპიის სერვისებზე და მნიშვნელოვნად გაზრდის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას.


მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა და მას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა. ასევე მიწვეულნი იყვნენ უწყების,  საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ადგილობრივი სამედიცინო ექსპერტები, წამყვანი ონკოლოგიური საზოგადოება და კლინიკის პარტნიორები.

როგორც თოდუას კლინიკაში აცხადებენ, ცენტრისთვის უკვე შეძენილია უახლესი თაობის Varian-ის წარმოების სხივური ამაჩქარებლები, ხოლო სრული ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.


პროექტის მიხედვით, შენობა გაშლილი იქნება 8 სართულზე და  შექმნის სივრცეს, სადაც პაციენტი ერთ ლოკაციაზე მიიღებს სერვისის სრულ ციკლს: სხივური თერაპია, ბირთვული მედიცინის დიაგნოსტიკა, რადიონუკლიდური და იოდოთერაპია, ქიმიოთერაპია, ონკოლოგიური პაციენტების კონსულტაცია და სრული მართვა.

ახალი ცენტრის გახსნა 2027 წელსაა დაგეგმილი.


პარალელურად თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალი გახსნიდან ერთ წელს აღნიშნავს, ამ დროის განმავლობაში სამედიცინო ცენტრი  21 000-მდე უნიკალურ პაციენტს მოემსახურა, მათ შორის ასობით მოქალაქე იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

თოდუას კლინიკა საქართველოს მასშტაბით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტთა უდიდეს ნაწილს ემსახურება, რაც დარგში სერვისის ყველაზე დიდ მიმწოდებლად აქცევს.